საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით, საქართველოში „საჰაერო ძალები“ იქმნება, რომელიც ავიაციას და საჰაერო თავდაცვას გააერთიანებს. მისი განცხადებით, ავიაციის და საჰაერო ძალების ახალი სარდალი უახლოეს პერიოდში დაინიშნება.
„თავდაცვის სამინისტროში რეფორმის და ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მიმდინარეობს. ეროვნული უშიშროების საბჭოსთან კონსულტაციით, მათი თანხმობით, რამდენიმე თვის წინ ამ რეფორმის პირველი ეტაპი განვახორციელეთ, როდესაც ორი სარდლობა - აღმოსავლეთ სარდლობა და დასავლეთ სარდლობა შევქმენით. შემდეგი ეტაპი იყო უკვე ავიაციის და საჰაერო თავდაცვის რეფორმა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ კვირის ბოლომდე ავიაციის და საჰაერო ძალების ახალი სარდალი დაინიშნოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ივნისის ბოლომდე დასრულდება ამ სარდლობის ფორმირება. ეს უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან საჰაერო თავდაცვა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ქართულ-ფრანგული კონტრაქტი აქტიურ ფაზაშია შესული. ამასთანავე, ნატო-საქართველოს ერთობლივ პაკეტში საჰაერო თავდაცვა და ავიაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია და, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს რეფორმა დავასრულოთ ვარშავის სამიტამდე“, - აღნიშნა, კერძოდ, თინათინ ხიდაშელმა.