პოლიტიკა
მარგველაშვილმა კვლავ დაადო ვეტო და უმრავლესობადაკარგულმა პარლამენტმა ის პირველად გაითვალისწინა

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონთა პაკეტის საკითხზე, ივანიშვილის ირონიით საქართველოს პრეზიდენტად ქცეულმა მარგველაშვილმა სააკაშვილის ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში განცხადება გააკეთა.

 „ამ კანონპროექტებთან მიმართებაში ჩემი კითხვები ეხებოდა იმას, თუ რამდენად იქნებოდა შესაძლებელი სასამართლოს ფუნქციონირება ამ კანონების მიღების შემდეგ.

 ეს კითხვები განვიხილეთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ვენეციის კომისიასთან. ვენეციის კომისიისთვის კანონში ჩაწერილი ფორმულირებები მიუღებელი აღმოჩნდა.

 შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ვეტოზე, ანუ მოტივირებულ შენიშვნებზე და ბოლო პერიოდის განმავლობაში, გამომდინარე პრემიერ–მინისტრის ძალიან კონსტრუქციული პოზიციიდან, ჩვენ მოვახერხეთ და ეს სამუშაო განვახორციელეთ როგორც თავად ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე უმრავლესობის საკანონმდებლო გუნდთან.

 ამ მუშაობის შედეგად პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც ეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების კვორუმის საკითხებს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ათწლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას.

 იმედი მაქვს, რომ პრემიერ–მინისტრთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, პარლამენტი ჩვენს პოზიციებს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, მეტსახელად „კარალევა მარგომ“.

 საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლისა და ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ მიერ პარლამენტის სხდომის ბოიკოტირების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად უწინდებურად აუცილებელი ხმების მოგროვება, ამიტომ პირველად, იძლებით, იგი გაითვალისწინა.