საქართველო, 2ივნისი, საქინფორმი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავს 2016 წლის 29 მაისს ქ. თბილისში მდებარე ვეგანურ კაფე „კივიში’’, კაფის თანამშრომლებისა და სტუმრების მიმართ განხორციელებულ სიძულვილით მოტივირებულიძალადობის შედეგად დაზარალებული 2 პირის ინტერესებს.
ვეგანურიკაფე „კივის’’ მიზანია ცხოველებისა და გარემოს დაცვა, სოციალურ საკითხებზე დისკუსია და ინფორმაციის გაზიარება. კაფეში აკრძალულია ყოველგვარი ცხოველური პროდუქტის შეტანა და მოხმარება და იქ ხშირად თავს იყრიან განსხვავებული მოსაზრებების, პოლიტიკური და ფილოსოფიური შეხედულებების, გარეგნობისა თუ ორიენტაციის ადამიანები. კაფის ზოგიერთი თანამშრომელი არანორმატიული გარეგნობით გამოირჩევა (მაგ. ატარებენ პირსინგს, დრედებს, აქვთ შეღებილი თმა და განსხვავებული ვარცხნილობა).
დაზარალებულთა განმარტებით, 2016 წლის 29 მაისს კაფე „კივიში’’ შეიჭრა ექსტრემისტული იდეოლოგიის 15-20 პირი, რომელთაც ხელმძღვანელობდა გიორგი ბაქრაძე (მეტსახელად ბერგმანი). კაფის და მის თანამშრომელთა იდეოლოგიის შეურაცხყოფისა და დამცირების მიზნით მათ კაფეში შეიტანეს ხორცის პროდუქტები (კერძოდ, მწვადები და სოსისები) და, მიუხედავად კაფის თანამშრომელთა წინააღმდეგობისა, სტუმრებს ხორცი ჩაუყარეს საკვებში. კაფის თანამშრომელთა და სტუმართა მიმართ ისინი იყენებდნენ დამცინავ და შეურაცხმყოფელ ენას.
დაზარალებულები განმარტავენ, რომ აღნიშნულმა არეულობა და ხმაური გამოიწვია, რის გამოც კაფეში მივიდნენ მეზობლები, რომელთაგან ერთი დანით იყო შეიარაღებული. კაფის თანამშრომელთა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მეზობლებმა მხარი დაუჭირეს ექსტრემისტულ დაჯგუფებას და კაფის თანამშრომლებს და სტუმრებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მაგალითად,დაზარალებულები ყვებიან, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს მეზობელმა რამდენიმეჯერ დაარტყა ხელჯოხი და გაუტეხა წარბი. სხვა თანამშრომელი წააქციეს და ითრიეს თმებით. ასევე, განხორციელდა სხვა ძალადობრივი ქმედებები.
ექსტრემისტული დაჯგუფებისა და მეზობლების ქმედებებმა დაზარალებულებში გამოიწვია შიში, ფსიქოლოგიური ტანჯვა დაერთ შემთხვევაში სხეულის დაზიანება. ადგილი ჰქონდა კაფეში მყოფი პირების მიმართ აშკარა უპატივცემულობას, შეფერხდა კაფის ფუნქციონირება, ჩაიშალა იმ დღეს მიმდინარე მულტიპლიკაციური ფილმის ჩვენება და საზოგადოებრივი წესრიგი უხეშად დაირღვა.
ვეგანური კაფის თანამშრომლებმა გამოიძახეს პოლიცია, თუმცა, მათი თქმით, პოლიციამ არ მოახდინა ადეკვატური რეაგირება. დაზარალებულთა განმარტებით, ერთ-ერთმა პოლიციელმა, დაინახა რა კაფის თანამშრომელთა არაორდინალური გარეგნობა, მათ უთხრა, რომ ისინი იქნებოდნენ არეულობის ინიციატორები.
აღსანიშნავია, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება „ბერგმანი’’ ადრეც არის შემჩნეული დისკრიმინაციული ხასიათის ძალადობაში.
მიგვაჩნია, რომ მზარდი ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის ფაქტების ფონზე, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სახელმწიფოს მხრიდანეფექტური რეაგირება და სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.
პრობლემურია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 125-ე მუხლით (ცემა), რაც არ მოიცავს ყველა იმ გარემოების ადეკვატურ და სრულყოფილ შეფასებას, რაც 29 მაისს კაფე „კივიში’’ მოხდა. კერძოდ, შესაძლებელია ექსტრემისტული დაჯგუფების ქმედებები შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს (მაგ. სსკ 239 მუხლი - ხულიგნობა), ან წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას (მაგ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი - წვრილმანი ხულიგნობა). წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ ექსტრემისტული დაჯგუფების წევრების ქმედებები კანონით გათვალისწინებული რეაგირების გარეშე დარჩეს.
ამასთანავე, შემაშფოთებელია ერთ-ერთი პოლიციელის მხრიდან გამოხატული არაკვალიფიციური რეაგირება და, ფაქტების გამოკვლევის გარეშე, შემთხევისა და დაზარალებულ პირთა დამნაშავეობის სტერეოტიპული აღქმა. მიგვაჩნია, რომესყურადსაღები პრობლემაა და შესაძლოა მიანიშნებდესინსტიტუციურდისკრიმინაციაზე, რის დადასტურების შემთხვევაშიც, უნდა დადგეს პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხიც.
ფუნდამენტურია, რომ გამოძიებისა და ბრალდების ორგანოებმა სათანადოდ გაითავისონ დისკრიმინაციის ფაქტების სიმწვავე და საფრთხე დემოკრატიულ საზოგადოებაში, სისხლის სამართლის გამოძიება წარმართონ დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის გადმოსახედიდან, გამოიყენონ სსკ-ის 53.3 პრიმა მუხლი, რომელიც ამძიმებს პასუხისმგებლობას დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულებისთვის, მოახდინონ ყველა პასუხისმგებელ პირთა (ექსტრემისტული დაჯგუფების წევრებისა და მეზობლების)გამოვლენა დაჩადენილი ქმედების შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.
დისკრიმინაციულ და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირება და დაუსჯელობა სტიმულს აძლევს ექსტრემისტული ჯგუფების გაძლიერებას და ადამიანის, განსაკუთრებით უმცირესობათა ჯგუფების, ფუნდამენტური უფლებების შელახვას.