საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. სეტყვის შედეგად დაზარალებული საქართველოს სოფლების უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა „მემარცხენე ალიანსის“ ქარელის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მარჯანიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
“26 მაისს ქარელის რაიონში სეტყვის შედეგად სრულად განადგურებული სოფელ რუისის, ბებნისის და აფნისის მოსახლეობის მოსავალს გუშინ შეემატა ადიგენისა და გორის რაიონების 10 სოფელი, რამაც უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააგდო იქ მაცხოვრებელი ადამიანები. ამ მოსავალზე იყო დამოკიდებული მათი ფინანსური პრობლემების მოგვარება, რაც გულისხმობს მეურნეობის განვითარებისათვის აღებული კრედიტების დაფარვას, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა უამრავ გადასახადზე.
მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, დაუყოვნებლივ შექმნას ზარალის შემსწავლელი კომისია, რათა უმოკლეს დროში მოხდეს ზარალის ოდენობის დათვლა და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევა, ვინაიდან სეტყვისაგან დაზარალებული სოფლების მოსახლეობას ელოდება როგორც შიმშილი, ასევე გადაუხდელი კრედიტების გამო სახლებიდან გამოყრა.
ამასთანავე, მოვითხოვთ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდეს მოსავლის დაზღვევა, ხოლო ბანკებმა ფორსმაჟორული მდგომარეობების გამო შეაჩერონ გაცემულ სესხებზე პროცენტების დარიცხვა”, – განაცხადა დავით მარჯანიძემ.