"არ მინდა დავასახელო ბაღი და ჩემი ვინაობა, ჩემს შვილს კიდევ ერთი წელი დარჩა იქ სასწავლი, მაგრამ აღშფოთებული ვარ, ყოველ დღე იმას მეუბნებიან, კორუფცია ამოვძირკვეთო და, ბაღებსა და სკოლებში რაც ხდება, დავიჯერო, არ იციან? თუ ამას კორუფცია არ ჰქვია? საახალწლოდ მასწავლებლებს ჩვენივე სურვილით მშობლებმა მცირედი საჩუქარ გავუკეთეთ, რაზეც ბაღის თანამშრომელმა დამირეკა (რადგან მე ვხელმძღვანელობდი ამ საკითხს) და ძალიან გაბრაზებულმა მითხრა, იცი ჩვენს ბაღში ასე არ ხდება, საჩუქარი მასწავლებელს რომ უყიდე, რა, დირექტორს არ უნდაო? თან ისეთი ტონით მეკითხებოდა, მეგონა, ახლოს რომ ვყოფილიყავი, ხელითაც შემეხებოდა. იგი საჩუქარს, ასევე, მუსიკის მასწავლებლისთვისაც მთხოვდა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მისი შვილია, თვითონ კი მომმარაგებლად მუშაობს. ნამდვილად ვერ ვხვდები, დირექტორსა და მუსიკის მასწავლებელს საჩუქარი რატომ უნდა ვუყიდოთ, მითუმეტეს მუსიკაზე ჩემი შვილი საერთოდ არ დადის და, რომც დადიოდეს, წრეები ბაღში ფასიანია და იგი ამაში ხელფასს იღებს. ერთი დასკვნა გამოვიტანე - დირექტორს საჩუქარი მარტო იმიტომ უნდა გავუკეთოთ, რომ საჩუქრების ჩუქება არ აკრძალოს მასწავლებლებისთვის და თვითონაც წილში გავიდეს. როგორც მერე გაირკვა, თურმე დირექტორს მოჭრილი თანხაც ჰქონია დაწესებული, თითოეულმა ჯგუფმა ზეიმზე მას 30, ხოლო მუსიკის მასწავლებელს 15 ლარი უნდა მიუტანოს, ეს ჩემთვის მიუღებელია, მასწავლებლებს ყველა მშობელი პატივისცემის ნიშნად ვჩუქნით სიმბოლურ საჩუქარს და არა ფულს, თუმცა ვალდებული არც ვართ. ვერ ვხვდები, რა შეიცვალა ''ვარდების რევოლუციის'' შემდეგ, რომელი კორუფციის მოსპობაზეა საუბარი და რაც ყველაზე მთავარია, უკვე საკმაოდ მოხუცებული დირექტორი იმიტომ ბედავს ამდენს, რომ მისი შვილი გიგი უგულავას ბავშვობის ძმაკაცია და კაბინეტშიც უკიდია მერის სურათი. არადა, უგულავა სწორედ იმ ხელისუფლების წევრია, რომელიც მისი ასაკის ადამიანებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს და თინეიჯერებით ანაცვლებს გამოცდილ ადამიანებს".