საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.
„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სწორედ ამ არჩევანის განხორციელებისთვის - ატარებს რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და საქართველო რეალურად გახდეს ევროპული ეკონომიკის და ევროპული მოწყობის ქვეყანა“, - წერს ბიძინა ივანიშვილი.
„საგარეო ორიენტირებზე საუბრისას საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი გარანტი და მხარდამჭერი. ძნელბედობის ჟამს სწორედ ამერიკამ აღმოუჩინა ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი ფინანსური, სამხედრო-პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა.
მომავალში საქართველოს უსაფრთხოება და პოლიტიკურ-ეკონომიკური წარმატებები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სწორედ ჩვენს მთავარ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე“, - წერს ბიძინა ივანიშვილი.
ამასთან, აღნიშნავს ყოფილი პრემიერი, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღების საკითხი უახლოეს დღის წესრიგში არ დგას. ასევე გარკვეული ლოდინი დაგვჭირდება, ვიდრე ნატო-ს წევრები გავხდებით, რადგან ეს რთული გეოპოლიტიკური პროცესის ნაწილია.