ახალი წლიდან მეტროს თანამშრომლებს შეამცირებენ
ახალი წლიდან მეტროსადგურებში შემცირებების მორიგ ტალღას ელიან. ისედაც განახევრებული მოლარე-ოპერატორების რაოდენობა შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს. მეტროსადგურებში უკვე გაჩნდა სპეციალური აპარატები, სადაც „მეტრომანის“ ბალანსის შევსება იქნება შესაძლებელი. ამ აპარატების ამოქმედების შედეგად სამსახური უკვე დაკარგა მეტროსადგურებში დასაქმებულმა 62-მა მოლარემ.
საკრებულოს წევრის - ჯაბა სამუშიას განცხადებით, მერია მეტროპოლიტენში თანამშრომლების შემცირებას განაგრძობს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მეტროსადგურებში დასაქმებული მოლარე ოპერატორები მეტროპოლიტენის თანამშრომლები არ არიან და, შესაბამისად, მათ შემცირება-არშემცირებაზე მერიას ინფორმაცია არ აქვს. მოლარე-ოპერატორები მეტროპოლიტენის კონტრაქტორი კომპანია „მეტრო სერვის+“-ის თანამშრომლები არიან. ამ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ახალი წლიდან თანამშრომლების შემცირება აღარ იგეგმება. კომპანიაში ამბობენ, რომ მეტროს სადგურებში სულ 191 მოლარე მუშაობდა, მაგრამ „მეტრომანის“ სისტემაზე გადასვლის შემდეგ თანამშრომლების ოპტიმიზაცია განხორციელდა და 62 მათგანი სამსახურიდან გათავისუფლდა, 4 კი სხვა პოზიციებზე გადანაწილდა. ამ ეტაპზე მეტროს სადგურებში 125 მოლარე მუშაობს.