საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი 3-6 აპრილს მოსკოვში იმყოფებოდა და მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა. ქუცნაშვილი ამ ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელძღვანელია და განათლების კომიტეტს თავმჯდომარეობს. მართლმადიდებლობის ასამბლეამ მიიღო ერთობლივი რეზოლუცია.
ასამბლეის სხდომა რუსეთის დუმის შენობაში გაიხსნა. გახსნას წინ უძღოდა ფოტოგამოფენა “წმინდა მთა ათონი“. გამოფენა დუმის თავმჯდომარემ სერგეი ნარიშკინმა გახსნა. გახსნას ესწრებოდნენ დუმის ფრაქციათა თავმჯდომარეები -“ედინაია როსიას“ თავმჯდომარე ვლადიმერ ვასილევი, ფრაქცია “კომუნისტების“ თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი და “ლიბერალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირინოვსკი, ასევე დუმის სხვა წევრები.
„პირველი რადიოს“ კითხვაზე, ხომ არ შემდგარა რაიმე სახის კონტაქტი მასა და რუს კოლეგებს შორის, რომლებიც ფოტოგამოფენას ესწრებოდნენ, ქუცნაშვილმა უპასუხა: „კონტაქტი არ გვქონია, გარდა იმისა, რომ ბერძნებმა მოაწყვეს ათონის მთის ისტორიის გამოფენა და გამოფენაზე მობრძანდნენ სხვადასხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები”.