გარემოს დაცვის სამინისტრო, შესაძლოა, გაუქმდეს და ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდეს. მომავალ წელს ახალი სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება, რომლებიც გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით განხორციელდება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამინისტრო არ გაუქმდება, მისი ფუნქციების ნაწილი ეკონომიკის სამინისტროში გადავა.
წინასწარი ინფორმაციით, სატყეო სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროში გადავა.
საერთოდ, სტრუქტურულ ცვლილებებს, ანუ რომელიმე სამინისტროს გაუქმებას პარლამენტის თანხმობა სჭირდება. მომავალ წელს პარლამენტს ამ საკითხზე მსჯელობა მოუწევს და პირველივე სამინისტრო, რომელიც სტრუქტურულ ცვლილებებს დაექვემდებარება, ალბათ, გარემოს დაცვის სამინისტრო იქნება.
თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სათაფლიის მღვიმეში გამართული მთავრობის სხდომის დროს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობას გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის შემუშავება დაავალა, ალბათ, არავის გაუკვირდება ამ სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთან შერწყმა.