აქტუალური
ვენეციის კომისიის დასკვნა - პრეზიდენტის შენიშვნები გათვალისწინებულია (ვიდეო)

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ვენეციის კომისიამ საქართველოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა ეს პრეზიდენტის მიერ ცვლილებებისთვის ვეტოს დადების მიზეზი. კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოხატული წინადადებები და კრიტიკული შენიშვნები გაითვალისწინა (ვიდეო იხ. აქ). კერძოდ, შენიშვნები ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციური ათწლიანი ვადის დაცვას როგორც ვადის გასვლის შემდეგ, ისე ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს საკმაოდ კრიტიკული შენიშვნა და მიაჩნია, რომ იგი ამოღებული უნდა იყოს ცვლილებათა პაკეტიდან. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, კვორუმი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე ექვსი მოსამართლეა. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თქმით, ვენეციის კომისიის კრიტიკული შენიშვნა იმ ნორმასაც ეხება, რომლის მიხედვითაც, ერთ მოსამართლეს კოლეგიაში საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია, საქმე განსახილველად პლენუმს გადასცეს.