პუბლიკაციები
თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას იწყებს

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2016 წლის 31 მაისიდან შეიარაღებულ ძალებში იწვევს მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური.

სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.

ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

მაღალი ანაზღაურების გარდა საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში.

იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს; ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას.

რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე (BCT –Basic Combat Training). შერჩეული კანდიდატებისათვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყება 2016 წლის 19 სექტემბერს. სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტი უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსებით.

10-კვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეკრუტი ქვედანაყოფში თანამდებობაზე ინიშნება.

საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალურ კურსზე რეკრუტი ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება და მომზადებას გადის სამხედრო დისციპლინებში:

1. ტაქტიკური მომზადება;

2. სამხედრო-საინჟინრო მომზადება;

3. მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვა;

4. ზოგადი საკითხები;

5. ფიზიკური მომზადება;

6. სამხედრო-სამედიცინო მომზადება (თეორია და პრაქტიკა)

7. საერთო საჯარისო წესდებები/სამხედრო კანონები;

8. სამწყობრო მომზადება;

9. კავშირგაბმულობა;

10. საცეცხლე მომზადება (თეორია და პრაქტიკა);

11. სამხედრო ტოპოგრაფია;

განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს:

1. პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);

2. ფოტოსურათი 3X4 - 2 ცალი;

3. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი;

4. ჯანმრთელობის ცნობა;

5. სპორტული ფორმა (ფეხსაცმელი);

საკონტრაქტო სამსახურისათვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც წარმოადგენს საბუთებს პირადი საქმის შესადგენად:

1. ნამსახურების ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში);

2. გასაწვევი პირის განცხადება;

3. ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში);

4. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი);

5. დაბადების მოწმობის ასლი;

6. პირადობის მოწმობის ასლი;

7. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;

8. ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი;

9. შვილების დაბადების მოწმობის ასლი;

10. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები;

11. მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

12. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემული)

13. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (,,MMR“- წითელა, წითურა, ყბაყურა: ,,TD”-ტეტანუსი-დიფტერია)

14. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ლაბორატორიულად შემოწმებული);

15. ცნობა ნასამართლობის შესახებ;

16. ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ);

17. შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

18. მიღებული სერტიფიკატის ასლი;

19. სამხედო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასლი და დედანი);

20. ფოტოსურათი 3X4 - 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია CD);

საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 31 მაისიდან, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ ,,კრწანისში“ .

მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი კრწანისი

ტელ: 595 050685; 595 050673.