პოლიტიკა
„ხელისუფლების წარმომადგენლებს გვეკისრება თმენის უდიდესი პასუხისმგებლობა“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

 „ეს არის მიუღებელი და სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მოხდა. ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნების ამ სტილში ჩატარებას. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ  ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო უბანი, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფალ გარემოში, კონფრონტაციისა და ასეთი ტიპის დაპირისპირების გარეშე, საკუთარი ნების გამოხატვა. ხელისუფლების წარმომადგენლებს გვეკისრება თმენის უდიდესი პასუხისმგებლობა. ასევე, სამოქალაქო პირებს, რომლებიც არ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ არიან სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები, ზუსტად ასეთივე თმენის ვალდებულება ეკისრებათ, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

 „მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ ასეთი ძალადობრივი ფაქტების მიმართ და იყოს მაქსიმალური მობილიზება შემდგომში, როდესაც ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს პრევენციული ზომები მიღებული, რათა ასეთი  ინციდენტები აღარ განმეორდეს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.