ახალ წლამდე 2 დღე დარჩა. ამ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ მაინც განსაკუთრებული, დღისთვის ფინანსური მდგომარეობის მიხედვით ყველა თავისებურად ემზადება. საქინფორმის ჟურნალისტი ჩვენს მოქალაქეებს გაესაუბრა და ეცადა, გაერკვია, თუ ვინ, როგორ და სად აპირებს ახალი წლის შეხვედრას და ვინ რას მოელის მომავალი 2011 წლისგან.
საკმაოდ ორიგინალურია ერთ-ერთი რესპონდენტის სურვილი (რომელმაც შიშის გამო თავი ინკოგნიტოდ დაგვატოვებინა). მას სურს, რომ 2011 წლის ნაცვლად, არც მეტი არც ნაკლები, 4 დღის შემდეგ 2013 წელი დადგეს, რომ მიშა მალე წავიდეს.სალომე ბუაჩიძე (29 წლის): “მე ერთ-ერთ გაზეთში ვმუშაობ ჟურნალისტად და, ალბათ, კარგად იცით, პრესაში რა შემოსავალია. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად, მიუხედავად დიდი სურვილისა, ახალი წლისთვის ვერ ვემზადები; შვილი მყავს, რომელსაც მარტო ვზრდი და მინდა, იმდენი ჰონორარი ავიღო, რომ მისი სურვილების ნახევარი მაინც ავასრულო თოვლის ბაბუს სახელით, ჩემს თავს აღარ დავეძებ, ვიჯდები სახლში და ტელევიზორს ვუყურებ, ოღონდ რუსულ არხს, ჩვენები რას გააკეთებენ, უკვე წარმოდგენილი მაქვს, 2011 წლიდან კი დაფასებას ველოდები, შრომის დაფასებას, არამარტო ჩემი, არამედ მთელი მოსახლეობის, მე ხშირად მიწევს ხალხთან ურთიერთობა და ვიცი, რმდენს შრომობენ ადამიანები ხუთი ლარის გამო, სხვისას არაფერს ვითხოვ და არც უსაქმურად მინდა ჯდომა, უბრალოდ, დამიფასონ ნამუშევარი".
ნანა ბუაჩიძე (53წლის): "მე დიასახლისი ვარ, ახალი წლისთვის მთელი გულით და სულით ვემზადები, პატარა ბავშვივით მიხარია. შვილიშვილებს ნაძვისხის მორთვას არ ვაცლიდი, ეს დღე ჩვენს ოჯახში ყოველთვის პომპეზურად აღინიშნება. სუფრაზე ინდაურის საცივი, გოჭის ხორცი, გოზინაყი და კუჭმაჭი თუ არ არის, ის რა ახალი წელია?! ჩემი საქმე მომზადებაა, ჩემი შვილები კი პროდუქტებით მამარაგებენ. 2011 წელი მინდა ყველა ქართველისთვის ბედნიერების მომტანი იყოს და 2012 წელს მინდა, რომ უკვე ერთიან საქართველოში შევხვდეთ”.
რევაზ ზურაბიშვილი(37 წლის): "მე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ვარ და ყველაზე კარგად ვხედავ, რა დღეშია ხალხი. ასეთი გაღიზიანებული ქართველები მე ჯერ არ მინახავს, მაგრამ არც ვამტყუნებ. ახალგაზრდა ბიჭი გოგოსთან ერთად რომ ამოვა და უფასოდ გამოყოლას გთხოვს, მიდი და გაამტყუნე, გაღიზიანებული რომაა, ან უარი უთხარი. ახალ წელს მინდა იმდენი მაინც შევძლო, რომ პატარა სუფრა გავშალო მეგობრებისთვის და შვილს თოვლის ბაბუას როლი შევუსრულო. ვერტმფრენი უნდა, რომელიც 130 ლარი ღირს, გამოდის, რომ მე ერთი კვირა მარტო იმიტომ უნდა ვიმუშაო, რომ ბავშვს 1 სათამაშო ვუყიდო, ყველაზე ძალიან სიტუაციის გამოსწორება მინდა, ყველა ბავშვს, მინდა, ის ჰქონდეს, რაც გულით უნდა, იმიტომ, რომ ჩემს ბავშვობაში ასე იყო - მეც და ჩემს ყველა მეგობარსაც ყველაფრი გვქონდა და, თუ რომელიმე კლასელს რამე არ ჰქონდა, ამაზე ჩვენი მშობლები ზრუნავდნენ. ახლა თითქოს ხალხიც შეიცვალა. წაქცეულს ისე გადაგაბიჯებენ, ვითომც არ დაუნახიხარ. მოკლედ, სიტუაცია და ხელისუფლება მინდა შეიცვალოს და დანარჩენს ჩვენ თვითონ მივხედავთ”.
მკაფიოდ ჩამოყალიბებული სურვილი მოგვახსენა 84 წლის ჯუმბერ ნოზაძემ, რომელსაც საქინფორმის ჟურნალისტი ერთ-ერთ პარკში ჭადრაკის თამაშის დროს წააწყდა:
"მიშა მინდა წავიდეს. ამას ვიფიქრებ ყოველდღე და ახალი წლის ღამესაც იმავეს ჩავიფიქრებ, რატომ მინდა წავიდეს? იმიტომ, რომ სიბერე გამიმწარა, თუ კიდევ რამე აინტერესებს, მოვიდეს ჩემთან და თავად ვეტყვი, მაგრამ ეგ სად მომსვლელია, მე ხომ არც მასაჟისტი ვარ და ბოლო-ბოლო - არც ქალი.
თავად ნახეთ, რომ სურვილები ერთანეთისგან დიდად არ გასხვავდება. საქართველოს ყველა მოქალაქეს თითქმის ერთი და იგივე რამ აწუხებს. ახალი წლის ღამეს ამ სურვილს, თუ ყველა ერთად ჩაუთქვამს, ვინ იცის, იქნებ აუხდეთ კიდეც.