საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. "მრეწველთა" ლიდერი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის პოლიტიზება არ შეიძლება. განცხადება თოფაძემ PALITRANEWS-ის გადაცემა ”360 გრადუსში” სტუმრობისას გააკეთა.
„მიმაჩნია, ასეთი ლანძღვა-გინება რუსეთის, რასაც ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და პარტია აკეთებს, გამიზნულად აღიზიანებენ, არ არის სწორი. ესეც დასავლეთიდან ნაკარნახევია, რომ რაც შეიძლება დაიძაბოს ჩვენი ურთიერთობა. ეს ერთი შემთხვევა არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ასეთი რაღაცეები მოხდება, დაძაბული სიტუაციაა, ჩვენ გვაქვს პრეტენზიები, რომ აფხაზეთი ჩვენია, ურთერთობის გამწვავებასაც ხელს უწყობენ მთელი რიგი მრჩევლები და უცხოელები. ჩემი აზრია, ვეძებოთ რუსეთთან არა რუსოფილობა, არამედ რაღაც მოგვარება. მეორე თემაა - მართლმადიდებელი ქვეყანაა რუსეთი. ჩვენ ნახეთ, რა წრეში ვართ? ალბათ ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ უნდა გვიკარნახონ ევროპელებმა... მოხდა ფაქტი, ძალიან სამწუხაროა, იმ ოჯახს ალბათ პატივი უნდა ვცეთ, რაღაც გავაკეთოთ, ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე ატანა, აყვანა არ მგონია, დღეს საჭირო იყოს”, - აღნიშნა გოგი თოფაძემ.