პოლიტიკა
მთავრობის მეთაურმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, რეფორმების პაკეტი მრავალგანზომილებიანია და კანონის უზენაესობის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

 „სასამართლო რეფორმის ორი ტალღის ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა მთავრობის მიერ ინიცირებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები. გარდა ამისა, რეფორმირებულია სამართალდამცავი უწყებებიც - რეფორმებამდე თითქმის ყოვლისშემძლე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციების ნაწილი უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა. ცვლილებები საქართველოს პროკურატურასაც შეეხო. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და სწორედ ამიტომ რეფორმების მესამე ნაწილის ფარგლებში გათვალისწინებული ცვლილებები უკვე წარედგინა პარლამენტს“,- განაცხადა პრემიერმა.

 „აუცილებლად უნდა აღინიშნოს სამხედრო სფეროში განხორციელებული რეფორმა, რომლის თვალსაჩინო შედეგი აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად განხორციელებული წვრთნები “ღირსეული პარტნიორი” და საქართველოს შესანიშნავი თავსებადობაა ნატოს სტანდარტებთან”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.