საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. 2016 წელს, პირველად, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართება. თავისუფლების მოედნის ღონისძიების პარალელურად ცერემონიალები მოეწყობა კახეთში - იყალთოს მონასტრის ეზო, სამეგრელოში - ნოქალაქევის ციხე სიმაგრე, სამცხე-ჯავახეთში - ვარძიის მიმდებარე ტერიტორია, იმერეთში - ქუთაისის თეატრის წინ და აჭარაში - ბათუმის ბულვარი.
ფიცის დადების ცერემონიალი დაიწყება 12:00 სთ-ზე და გადაიცემა პირდაპირ ეთერში.
თავისუფლების მოედანზე განლაგდება სამხედრო ტექნიკა. მათ შორის იქნება აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა - „აბრამსი“ და „ბრედლი“. ღონისძიებაზე რეკრუტების გარდა წარმოდგენილნი იქნებიან: საქართველოს შეიარაღებული ძალების XII ბატალიონის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების „ალფა“ ასეული, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები.
ფიცის დადების ცერემონიალში წელს, პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს დიდი ბრიტანეთის საპარშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრი, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრი, აშშ-ის საჰაერო ძალების ორკესტრი.
თავისუფლების მოედანზე გადაიფრენს 4 ვერტმფრენი სახელმწიფო დროშებით.
ბავშვების გუნდი შეასრულებს სახელმწიფო ჰიმნს, ხოლო, ფიცის დადების შემდეგ ანსამბლი „სუხიშვილები“ „ხორუმს“ იცეკვებს.
14:00 სთ-დან თავისუფლების მოედანზე დამთვალიერებლებისთვის საქართველოს, ლატვიის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ორკესტრები გამართავენ კონცერტს, ხოლო, "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" სტუმრებს (შეიარაღებული ძალების კვებითი უზრუნველყოფის კომპანია) საველე სამზარეულოში მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდება.
სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინება თელავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში.
ხოლო რუსთავში, ფეხბურთის სტადიონზე სამხედრო ტექნიკის გამოფენის პარალელურად, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ბრიტანელი სამხედროების ავიაშოუ ნახოს.
27 მაისი
ერთად ვიზეიმოთ შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილე!
11:00 სთ-დან - 17:00 სთ-მდე ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე:
ბრიტანელი და ქართველი სამხედროების საპარაშუტე შოუ
სამხედრო ტექნიკის და აღჭურვილობის გამოფენა
სამხედრო შინაარსის თამაშები ბავშვებისათვის - კონკრეტული ქვედანაყოფები წვრთნის და სხვა სამხედრო აქტივობების ადაპტირებულ, გასართობი ხასიათის ვერსიებს წარმოადგენენ;
სახის მოხატვა - შესაძლებელია, როგორც საქართველოს დროშის ფერებში ასევე, სამხედრო ფერებში სახის მოხატვა (სახის კამუფლაჟი);
რაგბის, ფრენბურთის, კალათბურთის, ჭადრაკის და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო მოედნები;
AIR SOFT - სათამაშო მოედანი;
სიმულაციური სასროლი - შეჯიბრების მოწყობა და სიმბოლური საჩუქრების გადაცემა;
ფოტოგადაღება;
თექის ნამუშევრების გამოფენა, სტუდენტები პანკისიდან;
ისტორიული კუთხე - მოეწყობა ქრონოლოგიური ფოტოგამოფენა აგვისტოს ომის თემაზე;
იუნკრებისა და კადეტების ნახატების გამოფენა-გაყიდვა;
ექოსკოპიის კაბინეტის მოწყობა - ნებისმიერ მსურველს შეეძლება რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და კონსულტაციის მიღება
ლაბორატორიის კაბინეტის მოწყობა - ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება სისხლის ჯგუფისა და სისხლში შაქრის შემცველობის დადგენა;
პირველადი სამედიცინო დახმარების ლექცია-სწავლება
რეანომობილის აპარატურის დათვალიერება
კიბერუსაფრთხოების საბაზისო ექსპრესკურსი
სამედიცინო ჯავშანმანქანის დათვალიერება
ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიაში სახალისო ცდების ჩატარება
წარმოდგენა ქართული საბრძოლო ილეთების ჩვენებით
სამთო სწავლება (გადარჩენა, მთებთან დაკავშირებული პათოლოგიები, სამთო აღჭურვილობის გამოყენების წესი, დაზარალებულის ევაკუაცია UT-2000-ის გამოყენებით).
შემაჯამებელი კონცერტი - ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ორკესტრების, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის, ასევე, საქარველოს ეროვნული ანსამბლები და მუსიკალური ჯგუფები.