რელიგია
ილია მეორემ მრევლს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

milocvaუწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისიs მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა მრევლს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაში ადამიანის აზროვნებაზე ისაუბრა, რომ ადამიანის გონებას მუდმივად სჭირდება ვარჯიში. გონების ვარჯიშისთვის კი აუცილებელია ფიქრი და წიგნების კითხვა.

უწმინდესის თქმით, ზოგიერთი ადამიანი რთული სიტუაციის დროს სასოწარკვეთილებაში ვარდება, თუმცა პატრიარქს მიაჩნია, რომ გამოსავალი ყველა მდგომარეობიდან არსებობს. გარდა ამისა, როგორც უწმინდესმა განაცხადა, ადამიანმა მუდმივად უნდა აკეთოს ის, რისი კეთებაც უყვარს. „უსაქმურობით ჩლუნგდება გონება და სუსტდება ადამიანის სულიერი ძალა“, - ბრძანა პატრიარქმა.

 

უწმინდესმა იდეების სახით მრევლს სამი დავალება მისცა. პატრიარქის განცხადებით, ის აძლევს ყველას დავალებას, გააკეთონ თოჯინები და, ვინც საუკეთესოს შექმნის, პატრიარქისგან საჩუქრად წიგნებს მიიღებს. ილია მეორემ გაიხსენა უცხოეთში მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს სტუმრობა მოხუცებულთა სახლში, რომლის მობინადრეებიც თოჯინებს აკეთებდნენ, რაც მათ განწყობაზე დადებითად აისახებოდა.

უწმინდესმა მრევლს ასევე მიწის მორწყვის დავალება მისცა. გარდა ამისა, პატრიარქს აქვს იდეა, რომ თბილისთან ახლოს შეიქმნას ღორების ფერმა, სადაც დასაქმდებიან ადამიანები.

მან მოუწოდა იმ ადამიანებს, რომლებსაც ფერმაში მუშაობის გამოცდილება აქვთ, აუცილებლად გამოეხმაურონ ამ იდეას და მისი განხორციელების გეგმა ერთად მოიფიქრონ. ილია მეორემ საზოგადოებას მოუწოდა, ვისაც სურვილი აქვს, ფერმისთვის თუნდაც 10 ლარის შენატანი გააკეთოს. მეც აუცილებლად დაგეხმარებით. ეს ეკლესიისთვის არ იქნება, ეს იქნება მრევლისთვის. ეკლესიას ეს არ სჭირდება, სჭირდება მრევლს“, - ბრძანა პატრიარქმა.