საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა რამდენიმე დღის წინ მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა და მძღოლის ცხედარი წყლიდან ამოიყვანეს.
შემთხვევა 17 მაისს, გამთენიისას თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ოპერატიულად - შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიწყეს, მდინარე მტკვრის ძლიერი დინებისა და რთული რელიეფური პირობების მიუხედავად.
მაშველებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგულ "ოპელის" მარკის ავტომობილსა და მისი მძღოლის ცხედარს მიაკვლიეს და წყლიდან ამოღება შეძლეს.
არსებული ვერსიით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა საპირისპირო მხარეს გადავიდა, გაანგრია სანაპიროს ბალუსტრადა და მდინარის მღვრიე წყლებში ჩავარდა, რომელიც წლის ამ დროს ძლიერი დინებით გამოირჩევა.