პოლიტიკა
რესპუბლიკური პარტია “ქართული ოცნების“ ლიდერებს ცინიზმში ადანაშაულებს

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. რესპუბლიკური პარტია ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „ხელისუფლებამ მყისიერი ზომები უნდა მიიღოს კოცხელში ძალადობის ჩამდენი და დამკვეთი პირების გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად. ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო აღიარებას ელის დემოკრატიული და სისტემური რეფორმების გატარებისთვის და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მოლოდინშია, მსგავსი მოვლენები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველა არსებულ და მოსალოდნელ მიღწევას. ძალადობის ასეთი ცინიკური ფაქტები განსაკუთრებით მწვავე გამოწვევაა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

 საქართველოს რესპუბლიკური პარტია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება კორცხელის ინციდენტის გამოძიებისას იმ პოზიციებზე არ შეჩერდება, რომლებიც მმართველი პოლიტიკური პარტიის ზოგიერთი ლიდერის სრულიად ცინიკურ განცხადებებში გამოიხატა და ინციდენტზე პასუხისმგებლობა დაზარალებულებს დააკისრა და არა მოძალადეებს.

 კორცხელის ინციდენტზე სათანადო რეაგირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, რაზეც, მეორეს მხრივ, დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც, რომლის შებღალვაც მსგავსი ინციდენტების საშუალებით ხელს მხოლოდ ერთ, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყანას, რუსეთს აძლევს“.