საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ინტერნეტში გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოღლის სურათი ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელი იდენტიფიცირებულია. ის ტყვარჩელის რაიონის მკვიდრი რაშიდ კანჯი-ოღლია, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ ნაბაკევთან მდებარე საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე მებაჟედ მუშაობდა. სააგენტო “ტაიმერის” ცნობით, სოციალურ ქსელ “ოდნოკლასნიკებში” სავარაუდო მკვლელის პროფილი და ყველა ფოტო წაშლილია.
1985 წელს დაბადებული გალის რაიონის მკვიდრი გიგა ზურაბის ძე ოთხოზორია გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან გადმოსულმა აფხაზმა მებაჟემ ცეცხლსასროლი იარაღიდან (პისტოლეტიდან) გასროლით მოკლა. მკვლელობა ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დამონტაჟებულმა უსაფრთხოების სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა (ვიდეო იხ. აქ). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს შსს ამ დანაშაულს ოპერატიულად გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე გადაუგზავნა, სუს–ი და შსს კი გარანტიას იძლევიან, რომ დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.