საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს და პროცესის წარმატებით დასრულებას ელოდება - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს.
საუბრის ძირითადი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო. დელეგაციის წევრები ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებით დაინტერესდნენ. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც შეეხო.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ცხინვალის დე-ფაქტო ხელმძღვანელობის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებას ეხება და დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო გამყოფ ზოლზე გრძელდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის გატაცების ფაქტები, ასევე, აფხაზეთში, გალის რაიონში, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ეზღუდება განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლება.