საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთის ფედერაციაში წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირების მიზნით, აქტიური პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები დაიწყო, რასაც რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - 50-მდე სტატია გამოქვეყნდა, სადაც აჭარაში რუსი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე, რეგიონის მთავარ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებაზე გამახვილდა ყურადღება.
მიმდინარე წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთში პოპულარული ტელეარხების Моя планета-სა და Пятница-ს გადამღებ ჯგუფებსაც უმასპინძლა, რომლებმაც აჭარული სამზარეულოსა და რეგიონის გასტრონომიული ტურების შესახებ გადაცემები მოამზადეს. გადაცემა „Планета вкусов“ მრავალფეროვანი აჭარული სამზარეულოს შესახებ ტელეარხ „Моя планета“-ს ეთერში მაისში გავიდა. რაც შეეხება გადაცემას „Еда, я люблю тебя“, ტელეარხ Пятница-ზე აჭარულ გასტრონომიას ის ეთერს ივლისში დაუთმობს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ ღონისძიებებს რუსი ტურისტების აჭარაში მოზიდვის მიზნით აგვისტომდე გააგრძელებს. ქვეყნების მხრივ რეგიონში შემოსული ტურისტების მიხედვით რუსეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ მესამე ადგილზეა. ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარას 430 817 რუსი ტურისტი სტუმრობდა.