საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასაქონლო მარაგების სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონის წარდგენა მოეწყო. წარდგენას თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ელექტრონული ლექსიკონი თავდაცვის სამინისტროსა და თსუ-ს, კერძოდ, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მომზადდა. პროექტი მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ენობრივ ნორმირებასა და სტანდარტიზაციას.
ღონისძიების დასასრულს დარეჯან თვალთვაძემ ირაკლი უჯმაჯურიძეს ქართული სამხედრო ტერმინოლოგიის მოწესრიგების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.