აქტუალური
თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გუშინ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტები და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, თბილისის სამოცამდე საჯარო სკოლას ამერიკული ჯავშანმანქანებით „ჰამერებით“ესტუმრნენ. იუნკერების და ჯარისკაცების სტუმრობას სკოლებში მოსწავლეები დიდი ინტერესით შეხვდნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. სტუმრებმა მათ საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გააცნეს, საინფორმაციო ხასიათის ბეჭდური მასალები დაურიგეს და ღონისძიებაზე მოიწვიეს.

 27 მაისს, 11:00 საათზე იპოდრომის პარკში საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში სამხედრო ჯავშანტექნიკის გამოფენა, სამთო, კიბერ და სამედიცინო სწავლებები, თამაშები, სამხედრო ორკესტრების შოუ, ასევე ქართველი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების საპარაშუტე შოუ და სხვადასხვა სახის შემოქმედებითი წარმოდგენები გაიმართება.