საზოგადოება
ლგბტ აქტივისტების აქცია “ჩავარდა”

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი.  “ლგბტ აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფი” 2016 წელს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, 17 მაისის, აღნიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„წელს ლგბტ აქტივისტებმა გადავწყვიტეთ, რომ 17 მაისის აღნიშვნა უნდა მომხდარიყო რუსთაველის გამზირზე. ჩვენ შევხვდით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პრემიერ მინისტრის მრჩეველს გენდერის საკითხებში და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენელს – მოვითხოვეთ ჩვენ მიერ დაგეგმილი საჯარო შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების სათანადო უზრუნველყოფა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ ის მხარდაჭერა, რომელიც მათ საქართველოს კანონმდებლობით ევალებათ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს შეკრება ისევ მრგვალ ბაღში ან ჭავჭვაძის გამზირზე; ასევე შემოგვთავაზეს, იგივე შეკრება რუსთაველზე სხვა დროისთვის, 19 მაისისთვის გადაგვედო, რადგან 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით არის დაგეგმილი რამდენიმე აქცია, რაც სამართალდამცავების აზრით, 2013 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის რისკებს აჩენს.

ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში არის ძალიან მძიმე და ეს ვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ აქტივისტები არ დავთმობთ პრინციპულად მნიშვნელოვან პოზიციებს და არ მივცემთ ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას, რომ შექმნას ილუზია, თითქოსდა ზრუნავს ყველა ჯგუფისა თუ მოქალაქის საჭროებებზე, მაშინ, როდესაც რეალობა შემდეგნაირია: მოქალაქეთა ერთი ჯგუფის სიცოცხლეს ქალაქის მთავარ გამზირზე გამოჩენის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება“, – ვკითხულობთ, კერძოდ, განცხადებაში.

წყარო: liberali.ge