პოლიტიკა
„ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტი არის კარგი შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავამყაროთ საქართველოსთან თანამშრომლობა ენერგეტიკული კუთხით“ – ალექსის ციპრასი

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. ამ სიტყვებით დაიწყო საბერძნეთის პრემიერ–მინისტრმა ალექსის ციპრასმა შეხვედრა საბერძნეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

 შეხვედრაზე ლიდერებმა საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს. პრემიერ–მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ  ეკონომიკის, ვაჭრობის,  ტურიზმის, კულტურის,  განათლების სფეროებში არსებული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობების სრულად ათვისებას.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე, ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.  პრემიერ–მინისტრმა ალექსის ციპრასმა კიდევ ერთხელ გამოხატა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია.