პოლიტიკა
საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. საზეიმო ღონისძიებას პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

თესალონიკის პორტის ტერიტორიაზე პირველი მილი ჩაიდო, რომელზეც სიმბოლურად მოაწერეს ხელი “სამხრეთ გაზის დერეფნის” პროექტში ჩართული ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP), რომლის სიგრძე დაახლოებით 800 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა - 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით იტალიაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას მოახდენს.

საქართველო  „სამხრეთ გაზის დერეფნის“  პროექტში სტრატეგიული პარტნიორია. შაჰ დენიზის პროექტის  მე-2  ფაზის ფარგლებში, საქართველოში  სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც  2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.