აქტუალური
დღეს პარლამენტთან აქციის მონაწილეები უსახლკაროთა შესახებ კანონის მიღებას მოითხოვენ

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ უკვე მეორე წელია, რაც უსახლკაროთა შესახებ კანონპროექტზე მუშაობს.

 „ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ამ კანონპროექტის ინიციაცია და შემდგომში ქვეყნის პარლამენტის მიერ მისი მიღება. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ამ პრობლემისადმი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ყურადღების მიპყრობა. ჩვენ გავუგზავნეთ წერილი პრემიერ მინისტრს, ასევე პარლამენტის ყველა ფრაქციას თხოვნით, შეგვხვედროდნენ, ერთად განგვეხილა კანონპროექტი და ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმას აპირებს მთავრობა და ზოგადად ხელისუფლება ამ მიმართულებით. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოში უსახლკაროთა პრობლემა და მათი ამჟამინდელი ყოფა კატასტროფულია. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 19 მაისს, დღის 12 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობის შესასვლელის წინ (ზუბალაშვილის ქ.) საპროტესტო აქცია გავმართოთ. აქციის მთავარი ლოზუნგი „კანონის უსახლკაროთა შესახებ“ მიღება იქნება“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ ხელმძღვანელი  თამარ იოვაშვილი.