უცხოეთი
ჯამალა: დედაჩემის წინაპრები წარმოშობით ყარაბაღიდან არიან, ბებიაჩემის დედა არამ ხაჩატურიანის ნათესავია

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. ევროვიზია–2016–ის გამარჯვებულმა, უკრაინის წარმომადგენელმა და ჯაზის მომღერალმა ჯამალამ (სუსანა ჯამალეტდინოვა) ამა წლის აპრილში ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა სომხურ გამოცემას – „168 ჟამ“.

შეგახსენებთ, რომ მისი სიმღერა „1944“ რუსეთის მისამართით მესიჯებს შეიცავს, 1944 წელს ყირიმელი თათრების დეპორტაციასთან დაკავშირებით.

თავის ერთ–ერთ წინა ინტერვიუში ჯამალა აღნიშნავდა, რომ დედამისი – ქრისტიანი სომეხი, მამა – ყირიმელი მუსლიმანი თათარია, თავად ისლამის აღმსარებელია და მათ ოჯახში ადგილი არ აქვს რელიგიურ შეუწყნარებლობას.

სიმღერა „1944“–ის ისტორია ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ძალიან პატარა ვიყავი. ჩემი დიდი ბებია ნაზილჰანი, რომელმაც დეპორტაცია გამოიარა, იმ მოვლენებზე ბევრს ჰყვებოდა. როცა საბჭოთა არმია მალორეჩენსკოეში შევიდა (ეს ბებიაჩემისა და მთელი ჩვენი ოჯახის მშობლიური სოფელია), ისინი გამათავისუფლებელ გმირებად მიიღეს, სახლში შეიპატიჟეს, დააპურეს. ასე გაგრძელდა 5 დღე. 18 მაისს კი, დილით ადრე ყველას გამოუცხადეს: „15 წუთში უნდა აიბარგოთ...“. შემდეგ ყველა, საქონელივით, სატვირთო მატარებლებში შეჰყარეს და შუა აზიისკენ გაამგზავრეს. ეს მთელი ჩემი ცხივრება მოსვენებას არ მაძლევდა. მეგონა, რომ ეს ტრაგედია დაივიწყეს, არავის ახსოვს 10 ათასი ყირიმელი თათარი, რომლებიც მატარებლებში და შემდეგ შუა აზიაში დაიხოცნენ. მათმა სულებმა მოსვენება ვერ პოვეს. ნახევარი წლის წინ ამის შესახებ სიმღერის დაწერა გადავწყვიტე“, – განაცხადა ინტერვიუში ჯამალამ.