პოლიტიკა
ეკა ბესელია ''სახალხო კრებას'' ტოვებს

beseliaსაზოგადოებრივი მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერმა ეკა ბესელიამ ''სახალხო კრების'' აღმასრულებელი საბჭოს წევრობა შეაჩერა.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს საზოგადოებრივი მოძრაობის პრესსამსახურში აცნობეს, ბესელიას ეს გადაწყვეტილება გამოიწვია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ბოლო პუბლიკაციებმა.

საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის მეუღლემ, სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბადრი ბიწაძემ ორშაბათს, 17 დეკემბერს, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული პარტიის თანათავმჯომარემ ლევან გაჩეჩილაძემ მოითხოვა 2 მილიონი ''სახალხო კრებასთან'' მიერთებისთვის და დამატებით - მილიონი ეგრეთ წოდებული „პარაშუტისთვის“ (კრიტიკულ მომენტში გამოსაყენებლად).

„ეს გადაწყვეტილება საჭიროა, რათა ''სახალხო კრების'' აღმასრულებელი საბჭო არ აღმოჩნდეს რომელიმე მხარეს პოლიტიკურ დებატებში ოპოზიციურ ფლანგზე, და მის ჭეშმარიტ იდეებს არ დაემუქროს საფრთხე... პოლიტიკურ დებატებში ჩართვა და ''სახალხო კრების'' გაიგივება რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან, გახდება საფუძველი უნდობლობისა გაერთიანების მიმართ. სანამ ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი, მე იძულებული ვარ შევაჩერო ''სახალხო კრების'' აღმასრულებელი საბჭოს წევრობა“, - განაცხადა ბესელიამ.

მან ამის შესახებ უკვე გაუგზავნა შესაბამისი შეტყობინება ''სახალხო კრების'' აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს - ნონა გაფრინდაშვილს.

დაპირისპირება ოპოზიციაში დაიწყო ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას სტატიით „ვაჭრობა ადამიანებით და ხალხით“ გაზეთ „ასავალ-დასავალში“, რომელიც გახდა საფუძველი სკანდალისა ''ქართული პარტიის'' ლიდერის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის - ლევან გაჩეჩილაძის გარშემო. პუბლიკაციაში „სანდო წყაროებზე“ დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ 2008 წელს ლევან გაჩეჩილაძე (მაშინ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი) შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. იმ შეხვედრის დროს გაჩეჩილაძემ თითქოს წერილობით შეადგინა მოთხოვნები სააკაშვილისადმი. როგორც გაზეთშია ნათქვამი, გაჩეჩილაძის ბარათში ეწერა: „პირველი: დროებით, ექვსი თვით, დამნიშნეთ მე პრემიერ-მინისტრის პოსტზე; მეორე: ხუთი მილიონი ილია ჭავჭავაძის სახელობის ბანკის დასაარსებლად, და საწყისი კაპიტალისთვის 10-12 მილიონი“.

მოგვიანებით „ასავალ-დასავალი“ იუწყებოდა, რომ ინფორმაციის წყაროა ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე, რომელიც ამტკიცებდა ინტერვიუში, რომ იყო ამ შეხვედრის მოწმე.