საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებების ფაქტებზე ილაპარაკეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებას, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
ქართულმა მხარემ ისაუბრა ოკუპირებული სოფელ ხეითის ტერიტორიაზე ბონდო გოჩაშვილის საფლავის დარბევის ფაქტზე. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააყენეს გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მკვიდრის, 82 წლის დავით ვანიშვილის საკითხი, რომლის მიმართაც ბოლო პერიოდში საოკუპაციო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის მუქარასა და ზეწოლას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი.