პუბლიკაციები
"საქართველოში ამერიკული ტანკების შემოსვლა, რუსული ტანკების გასვლას არ გამოიწვევს"!

 დღეს, საქართველოს ტერიტორია ტანკების "სიმცირეს არ უჩივის". დიახ, გარდა ქართული არმიის ტანკებისა, ამჟამად ქვეყანაში იმყოფებიან რუსული და ამერიკული ტანკები, ოღონდ, მათ შორის "ერთი პატარა განსხვავებაა", რომ რუსული ტანკები საოკუპაციოა, ხოლო ამერიკული ტანკები ქართველ სამხედროებთან ერთად ორკვირიანი წვრთნის ფარგლებში ("ღირსეული პარტნიორი") იმყოფებიან ჩვენს მიწაზე. ცხადია, რომ როგორც რუსულ ისე ამერიკულ ტანკებს სხვადასხვა მიზნები აქვთ საქართველოში! შესაბამისად, საქართველოც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აღიქვამს მათ ყოფნას ჩვენს ტერიტორიაზე, – ამერიკულ ტანკებს მეგობრულად, ხოლო რუსულ ტანკებს, რა თქმა უნდა, მტრულად! ამჯერად, საქართველოში რუსულ და ამერიკულ ინტერესებზე არ შევჩერდები და ჩემს აზრს, მხოლოდ ქართულ ინტერესებზე მოგახსენებთ.

მიმაჩნია, რომ საქართველოს უპირველესი პრობლემაა ქვეყნის 20% ტერიტორიის დეოკუპაცია და იქ მცხოვრები აფხაზების და ოსების ინტეგრაცია ერთიან საქართველოში! საქართველოს სახელმწიფოს სხვა ამოცანები და მიზნები, მხოლოდ ამ საკითხის მოგვარების პარალელურად, თუ ეს შესაძლებელი იქნება, თუ არადა მას შემდეგ უნდა გადაწყდეს! მათ შორის, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაც, რომელიც უნდა განხორციელდეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩართვით გამთლიანებული საქართველოს სივრცეში!

მიმაჩნია, რომ ამერიკული ტანკების შემოსვლა ვაზიანში, სამწუხაროდ, არ გამოიწვევს რუსული ტანკების გასვლას ცხინვალიდან და სოხუმიდან! ზევით თქმულიდან გამომდინარე, ქართველებმა ქვეყნის შიგნით, აფხაზ–ოსებთან საუბრისას, იმდაგვარი "ფსიქოლოგირი კლიმატი" უნდა შევქმნათ და მათთან ისეთი დიალოგი ვაწარმოოთ, რომელიც საგარეო პოლიტიკაზეც (რუსეთთან ურთიერთობა) სრულად აისახება, რაც საშუალებას მოგვცემს დასახული ამოცანების გადასაჭრელად! ამიტომ, ქართველებს ის კი არ უნდა გვიხაროდეს, რომ ამერიკული ტანკები შემოვიდნენ ვაზიანში, არამედ ის უნდა გვიხაროდეს, რომ რუსული ტანკები გავიდნენ სოხუმიდან და ცხინვალიდან! ამის მიღწევა შეიძლება, მაგრამ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, – რომ რუსეთთან აუცილებელია სწორი და გამართული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება გონიერებას, გამჭრიახობას და პრაგმატიზმს, რადგანაც რუსეთთან "ღირებულებით და ფასეულობით" განსხვავებაზე მუდმივად და თავმომწონედ აპელირება, არანაირ შედეგს არ მოიტანს და მის საოკუპაციო ტანკებს საქართველოდან ვერ გაიყვანს!!!...

ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
guardian.ge