აქტუალური
“თურქეთი ნატოს წევრია, საქართველოს ნატოს წევრობა სურს. სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია, ეს ასევე განსაზღვრავს სომხეთთან ჩვენი თანამშრომლობის დონეს” – ხიდაშელი

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჟურნალისტებმა შეკითხვები ყარაბაღის კონფლიქტის თემაზეც დაუსვეს. “ჩვენ არ ვირჩევთ! არჩევანს არ ვაკეთებთ. მე ერევანში ვიყავი 2016 წლის იანვარში, სადაც ვთქვი, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან... საქართველოს ბევრი მეგობარი, პარტნიორი ჰყავს. ჩვენ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოსთვის რეგიონში მშვიდობაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ვიყოთ სტაბილურობის პაქტის ნაწილი, რომ ვიყოთ მშვიდობის ნაწილი. ჩვენ ვმუშაობთ სომხეთთან, ის ჩვენი მეზობელია და ჩვენ შორის პრობლემები არ იქნება, მაგრამ, როგორც ვთქვით, არსებობს პარტნიორობა, გზა, სადაც ერთად მივდივართ - თურქეთი ნატოს წევრია, საქართველოს ნატოს წევრობა სურს. ეს ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას განსაზღვრავს. სომხეთმა განსხვავებული არჩევანი გააკეთა, ის ევრაზიულ კავშირში შევიდა, ჩვენ იქ შესვლას არ ვაპირებთ. ეს ასევე განსაზღვრავს სომხეთთან ჩვენი თანამშრომლობის დონეს - მეგობრულს, სტრატეგიული თანამშრომლობის გარეშე”, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.