აქტუალური
„ჩვენ ღირსეულ პარტნიორობას გავუწევთ თურქეთს სწავლების მაღალი დონის ორგანიზებაში“ – თინა ხიდაშელი

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. "მინისტერიალის ფარგლებში, ძირითადად, საუბარი იყო ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის უნდა გაფორმდეს. გავიარეთ დეტალები, რომელიც სამინისტროების დონეზე მუშავდებოდა. შევჯერდით დოკუმენტზე და მინისტერიალის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ამ ზაფხულს შევიკრიბოთ ბათუმში. იმედი მაქვს, ორივე მინისტრი გვეწვევა ბათუმში და ეს სამმხრივი მინისტერიალი და მისი საქმიანობა ფორმალიზებულ და ინსტიტუციურ სახეს მიიღებს", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
 შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მონაწილეებს იმ პროგრამებსა და პროექტებში თანამშრომლობა შესთავაზა, რომლებიც საქართველოში ნატოს დახმარებით ხორციელდება.

 "საუბარი იყო სამმხრივ ფორმატში გასამართ სწავლებებზე. საქართველომ გამოთქვა სურვილი, რომ 2017 წელს უმასპინძლოს რამდენიმე ასეთ სწავლებას. განსაკუთრებით იმ პირობებში, რაც ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობით გაგვიჩნდა. ვფიქრობ, ღირსეულ პარტნიორობას გავუწევთ თურქულ მხარეს ამ შემთხვევაშიც - სწავლების მაღალი დონის ორგანიზებაში. ამაზე თანხმობა მივიღეთ, ასე რომ, მოვემზადებით 2017 წლის გაზაფხულისთვის", - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.