უცხოეთი
მომღერალმა ჯამალამ „ევროვიზიაზე“ პირველი ადგილი აიღო

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ, რომელმაც სტოკჰოლმში „ევროვიზიის“ კონკურსზე სიმღერა „1944“ შეასრულა, პროფესიონალური ჟიურისა და მაყურებელთა კენჭისყრის შედეგად ყველაზე მეტი - 534 ქულა დააგროვა.

ჯამალას თქმით, სიმღერა, რომელიც მან შეასრულა, ყირიმელი თათრების დეპორტაციის თემას ეხება.

მომღერალს გამარჯვება მოუტანა ჟიურის მაღალმა ქულებმა. მაყურებელთა შორის კენჭისყრის შედეგებით ჯამალა მეორე ადგილზე იყო. რუსეთის წარმომადგენელ სერგეი ლაზარევს, რომელმაც შეასრულა სიმღერა You Are The Only One, ტელემაყურებლებმა ყველაზე მეტი ქულა მისცეს, მაგრამ რაკიღა პროფესიონალურმა ჟიურიმ ლაზარევს მეხუთე ადგილი მიაკუთვნა, საბოლოოდ მან მესამე ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილი ერგო ავსტრალიელ დემი იმს. საქართველოს წარმომადგენელი ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz მე-20 ადგილზე გავიდნენ სიმღერით Midnight Gold.

პროფესიონალმა ჟიურიმ რუსეთიდან თავისი 12 ქულა მისცა ივეტა მუკუჩიანს სომხეთიდან (იხ. ფოტო ქვემოთ).