საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ამირან შ. დააკავეს.
ამირან შ-მ ორგანიზება გაუკეთა ქ. ზესტაფონში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ერთ-ერთი მაღაზიის სარდაფიდან გვირაბის კუსტარულად გაყვანას, მიწის ქვეშ არსებული სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების - ე.წ. “წიდის“ უკანონოდ მოპოვებისა და მისი რეალიზებით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით (ვიდეო იხ. აქ).
აღნიშნულ უკანონო საქმიანობაზე მფარველობის მიზნით ამირან შ. დაუკავშირდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროს სპეციალისტს, რომელსაც ქრთამის სახით პირველ ეტაპზე - 700 ლარი, ხოლო სამუშაოების წარმატებით გაგრძელების შემთხვევაში სხვადასხვა თანხის პერიოდულად გადახდა შესთავაზა. ამირან შ-მ საჯარო მოხელეს ქრთამის სახით შეპირებული თანხა - 700 ლარი გადასცა.
გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.