პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტია

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამის დასტურია ქალაქ ოზურგეთში შუალედურ არჩევნებზე  „ნაციონალური მოძრაობისა“ და „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ ერთობლივი კანდიდატის წარდგენა.

 „ორივე სუბიექტის მიერ ერთობლივად შერჩეულ კანდიდატს ქალაქ ოზურგეთში  ძალიან დიდი უპირატესობით დავამარცხებთ. ვიცით, როგორია მოსახლეობის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ. სწორედ ეს გვაძლევს ამის თქმის საფუძველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 მისივე თქმით, გარკვეულ პარტიებს შორის თანამშრომლობა მოსახლეობისთვის კიდევ უფრო აშკარა  არჩევნების წინ გახდება.

 „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს სატელიტი პარტიები. ძალიან მჭიდროა თანამშრომლობა ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, ლეიბორისტებს შორის. სტრატეგიული თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იმსახურებს ძალიან მძიმე შეფასებას, ვინაიდან ეს არის ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც  დამნაშავეა იმ უმძიმეს ცხრა წელიწადში, რაც გამოვიარეთ ჩვენ ყველამ ერთად“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.