აქტუალური
„სირცხვილია! ალასანია ჩაერთო რუსულ პროპაგანდაში!“ – თინა ხიდაშელი (ვიდეო)

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს სასაცილოს უწოდებს. ასე გამოეხმაურა ხიდაშელი ირაკლი ალასანიას მიერ PALITRANEWS-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომ თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს პოლიტიკურ დღის წესრიგს უდგენენ.

 თინა ხიდაშელის განცხადებით, ირაკლი ალასანიამ ყველაზე კარგად იცის, რომ ხიდაშელისთვის პოლიტიკური ჩარჩოები არასოდეს არავის დაუწესებია. თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს დადასტურდა მაშინ, როცა კაბელების საქმეზე სამსახურიდან გათავისუფლებულები სამინისტროში აღადგინა (ვიდეო იხ. აქ).

 „ირაკლი ალასანიას პრეტენზიები სასაცილოა, სირცხვილია, მაგრამ ალბათ ხანდახან ადამიანები გაუგებარ არჩევანს აკეთებენ. როცა ვსაუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე, ერთი წლის განმავლობაში ვისმენდი პრეტენზიებს ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან. მთელი ერთი წელია არ გამიცია პასუხი არც ერთი განცხადებისთვის, რადგან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს პაექრობა. ძალიან სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, რთულად გასაგებია რატომ არ გცემენ პასუხს.

 საჯაროდ მოვითხოვ თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, წარმოადგინოს პრეტენზიების ნუსხა, თუ სად იყო უკეთესად შესაძლებელი ქვეყნის დაცვა და მე ეს არ გავაკეთე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 მისი თქმით, შეურაცხმყოფელია და სირცხვილია, როცა ასეთი განცხადებები ისმის.

 „კიდევ უფრო სირცხვილია, რომ ბატონი ირაკლი ჩაერთო იმ რუსულ პროპაგანდაში, რომელსაც პირდაპირ ცეცხლი აქვს ჩემს წინააღმდეგ გახსნილი და დღეს იგი ხელისმომკიდის პრინციპით ამ მარათონში მონაწილეობს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს საჰაერო თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით, თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს გარკვეული ჩარჩოები დაუწესეს.

 “ხიდაშელის უწყებას ის პოლიტიკური ჩარჩოები დაუწესეს, რასაც მე ვერ მიწესებდნენ” საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ალასანიამ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას.