საზოგადოება
“საქართველოს მთავრობას დიდი წვლილი შეაქვს რუსული პროპაგანდის წარმატებაში”- ქართველი ხალხის, საქართველოს ისტორიისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩერგოს ამერიკიდან ეხმარებიან

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. „რუსთავი 2“-ის განცხადებით, შიშის ფაქტორი, სტალინის გაფეტიშება, დასავლეთის, როგორც გარყვნილების წარმოჩენა, ძველი ძმობის თუ ერთმორწმუნეობის შეხსენება მცირე ჩამონათვალია იმ ბერკეტებისა, რომლებსაც კრემლის პროპაგანდისტული მანქანა პოსტსაბჭოთა სივრცესა და, მათ შორის, საქართველოში იყენებს. საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტები ანტიდასავლურ და პრორუსულ განწყობებს  უკვე დიდი ხანია სწავლობენ.  ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერი ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა ცდილობს, დასავლურ ღირებულებებს ძირი გამოუთხაროს.

 აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოსთან არსებული ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი კი მიიჩნევს, რომ რუსული არხების და კრემლის პროპაგანდა დასავლურ ქვეყნებში ეფექტიანი არ არის, თუმცა ის გავლენას ახდენს საქართველოში, უკრაინასა და ბალტიის ქვეყნებში, რაც, მისი განცხადებით, სერიოზული პრობლემაა. ჯონ ჰერბსტის თქმით, ამ პრობლემის დასაძლევად დასავლეთის მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯები იდგმება.

 ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე ლაპარაკობს ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორი. თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, აუცილებელია, რუსულ პროპაგანდას ფაქტებით დაუპირისპირდე.