პოლიტიკა
"ყინული გალღვა! პირველი კვარტალის სუფთა ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმსაც აჭარბებს" - საზოგადოება "2030"-ის წევრი მიხეილ დუნდუა

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. „გაეროს საგარეო ვაჭრობის განყოფილებამ საქონლით მსოფლიო ვაჭრობის შესახებ 2016 წლის პირველი კვარტალის (იანვარი-მარტი) მონაცემები გამოაქვეყნა.

2016 წლის I კვარტალში ქართული წარმოების საქონლის „სუფთა ექსპორტი“ (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 4.6%-ით, ანუ $15.8 მლნ-ით გაიზარდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მომსახურების ექსპორტის ანგარიში ეროვნულ ბანკს არ გამოუქვეყნებია, საფიქრებელია, რომ მომსახურების ექსპორტი უფრო მკვეთრად არის გაზრდილი, ანუ დაახლოებით 17%-ით, რაც თანხობრივად დამატებით 100 მლნ დოლარით მეტ შემოსავალს გულისხმობს.

მომსახურების ექსპორტის ძირითადი კომპონენტი ტურიზმია, მხოლოდ მარტში 41%-ით გაიზარდა აეროპორტებში ჩამომსვლელთა რაოდენობა და მთლიანად ტურისტთა რაოდენობამ 25%-ით მოიმატა.

მოკლედ! თუ ჩემი პროგნოზი გამართლდა და მომსახურების ექსპორტი 100 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის I კვარტალში მთლიანი სუფთა ექსპორტი (საქონლის და მომსახურების ექსპორტი, საქონლის რეექსპორტის გარეშე) ისტორიულ მაქსიმუმზეა და $ 1 მილიარდ 55 მილიონს აჭარბებს”, - წერს, კერძოდ, მიხეილ დუნდუა.