პოლიტიკა
„მთავრობის წევრის მხრიდან მმართველი ძალის არაობიექტური კრიტიკა ძალიან გასაკვირი და მიუღებელია!“ - - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილმა არაობიექტური და მიუღებელი უწოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას.

 „რაც შეეხება განცხადებას, რომელიც გააკეთა პაატა ზაქარეიშვილმა, რომ მას აკვირვებს „ქართული ოცნების“ დუმილი, მე მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, იმიტომ, რომ ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება. საქართველოს მთავრობისა  და პარლამენტარების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების დადასტურება მრავალჯერ მოხდა სხვადასხვა საერთაშორისო თუ შიდა ფორმატში. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მთავრობის წევრი გამოხატავს უკმაყოფილებას, მისი აზრით, დუმილის გამო, ეს არის მისი გადაწყვეტილება. თუ მას გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება, რადგან მე ვფიქრობ, მთავრობის წევრის მხრიდან არაობიექტური კრიტიკა მმართველი ძალის ძალიან გასაკვირი და მიუღებელია. ძალიან გული მტკივა ამ განცხადების გამო, ამიტომ არ შემეძლო, არ გამეკეთებინა ასეთი ვრცელი კომენტარი“, - განაცხადა პრემიერმა.