პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას ფეისბუქით უპასუხა

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. “როგორც აღმოჩნდა, შეკითხვები გაჩნდა იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავდა ჩემ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება და რატომ გავახმოვანე ეს სიტყვები სწორედ 4 მაისს, როდესაც ფოთში ამერიკული ტანკები გადმოტვირთეს სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად. განვმარტავ:

1. ჩემი განცხადება გაკეთდა არა ამერიკული ტანკების ფოთში გადმოტვირთვის დღეს და გამო, რასაც თავისთავად მივესალმები, არამედ საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილეს აღნიშვნის დღეს და ამ მოვლენისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

2. მე ვთქვი და კვლავაც ვადასტურებ, რომ საქართველოს ყოველ ჯარისკაცს, ყოველ მოქალაქეს და ყოველ პოლიტიკოსს, ამგვარი თარიღის აღნიშვნისას სიამაყესთან ერთად ტკივილიც გვეუფლება, ვინაიდან ჩვენი მთავარი სახელმწიფოებრივი მისია შეუსრულებელია - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იმ საზღვრებში, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და კონტინენტის ყველა სახელმწიფოს მიერ, გარდა ერთისა, დარღვეულია სამხედრო ოკუპაციის გამო.

3. კონფლიქტის მოგვარებაში შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე ცალმხრივად უარის თქმა, რასაც იურიდიული ძალა სწორედ საქართველოს მოქმედმა პარლამენტმა შესძინა, არ ნიშნავს იმას, რომ შეიარაღებული ძალების საზეიმო ღონისძიებაზე არ გავიხსენებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს ან ქართული ჯარი შეწყვეტს სამშობლოს დაცვაზე ზრუნვას.

4. მე მადლობა მოვახსენე ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, რადგან სხვა ქვეყნის თვითმფრინავების მიერ საქართველოს დაბომბვა სწორედ მათმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ შეაჩერა და, სამწუხაროდ, მომავალშიც გვესაჭიროება მათი დახმარება მსგავსი მოვლენების პრევენციისთვის.

5. მე იმედი გამოვთქვი, რომ ქართველი ჯარისკაცები და ოფიცრები ჩვენი პარტნიორების დახმარებით კიდევ უფრო აიმაღლებენ კვალიფიკაციას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რათა უკეთ შეასრულონ თავიანთი მისია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით მოქმედ მისიებში საზღვარგარეთ", - განმარტავს უსუფაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მის განცხადებაში არაფერი იყო ასახსნელ-განსამარტავი და რუსეთის საგარეო უწყების განცხადება გახლდათ "თითიდან თემის გამოწოვის პროპაგანდისტული საჭიროება".

"მე, ჩემი მხრიდან, არ მაქვს კითხვები იმ ადგილობრივ და უცხოელ პოლიტიკურ ოპონენტებთან, რომელთა ხმაშეწყობილი რიტორიკა, ფაქტების დამახინჯებული ინტერპრეტაცია და მსგავსი ფოკუსირებული შემოტევები სულ უფრო სისტემურ ხასიათს იძენს - აქ ყველაფერი ნათელია", - დაწერა დავით უსუფაშვილმა სოცქსელში.