რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: "ზედიზედ მეორე წელია, ამერიკული ტანკები საქართველოში გამარჯვების დღის წინ და თბილისში დამოუკიდებლობის დღეს შემოდიან!"

 გასული - 2015 წლის 4 მაისს ჩემს პუბლიკაციაში “ამერიკამ მიზანს მიაღწია - დიადი გამარჯვების 70 წლისთავზე ნატო საქართველოშია!“ აღნიშნულია: "საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ თანამდებობის დაკავების დღეს და გამარჯვების დღემდე, 9 მაისამდე 5 დღით ადრე აშშ-მა საქართველოში ნატო შემოიყვანა: 2015 წლის 4 მაისს ბულგარეთიდან, შავი ზღვის გავლით, ბათუმის საზღვაო პორტის ნავსაყუდელს მოადგნენ ხომალდები, რომლებმაც საქართველოში ნატოს მძიმე სამხედრო ტექნიკა ჩამოიტანეს: 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „Bradley“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სხვა აღჭურვილობა. 11-დან 25 მაისამდე ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება საქართველოსა და ნატოს ერთობლივი წვრთნა «Noble Partner» („მაღალი დონის პარტნიორი“), რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 600-ზე მეტი ამერიკელი და ქართველი სამხედრო.

 ხოლო 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მთელი ამერიკული ტექნიკა და ჯარისკაცები თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის პროსპექტზე გამოვლენ.

 ერთობლივი წვრთნის დამთავრების შემდეგ ამერიკული ტექნიკა და ინსტრუქტორები საქართველოდან არ წავლენ და ვაზიანი ნატოს სამხედრო ბაზა გახდება. ხოლო ბათუმის პორტი, შემდგომში კი ფოთის პორტიც - იქნება ნატოს  სამხედრო-საზღვაო ბაზები საქართველოში, რომლებიც საშუალებას მისცემს აშშ-ს სამხედრო ფლოტს, მუდმივად იმყოფებოდეს შავ ზღვაში, რაც ამჟამად მონტრეს კონვენციით არის აკრძალული".

 ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჩემი შარშანდელი პროგნოზი ზედმიწევნით გამართლდა, დღე-დღეზე!

 ისევ 2016 წლის 4 მაისს, ისევ გამარჯვების დღემდე - 9 მაისამდე ზუსტად 5 დღით ადრე, ისევ ბულგარეთიდან, შავი ზღვის გავლით, ოღონდ ამჯერად უკვე ფოთის საზღვაო პორტის ნავსაყუდელს, როგორც შარშან ვიწინასწარმეტყველე, ნატოს სამხედრო ტექნიკით დატვირთული ხომალდები მიადგნენ: 8 ტანკი M1A2 “Abrams”, 7 ქვეითთა საბრძოლო მანქანა “Bradley”, სამედიცინო-საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო დაჯავშნილი მანქანები, “HUMMER”-ის ჯიპები და სპეციალური აღჭურვილობა (ვიდეო იხ. აქ). ისევ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე და ისევ 11-დან 25 მაისამდე, უკვე მეორედ, ჩატარდება საქართველოსა და ნატოს ერთობლივი სწავლება «Noble Partner». ამჯერად მასში მონაწილეობას მიიღებს ორჯერ მეტი სამხედრო მოსამსახურე - სულ 1300 (650 - აშშ-დან, 500 - საქართველოდან და 150 - დიდი ბრიტანეთიდან). სწავლება უფრო მასშტაბური იქნება მასში ამერიკული ავიაციის თვითმფრინავების - С-130-ის მონაწილეობის გამოც. ამგვარად, ხიდაშელმა შეასრულა დანაპირები - “მეტი ნატო საქართველოში!”.

 და ისევ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამერიკული ტექნიკა და ჯარისკაცები თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის პროსპექტზე გამოვლენ.

 ნუთუ შეიძლება, ამდენი დამთხვევა შემთხვევითად მივიჩნიოთ? იქნებ თინა ხიდაშელმა ახალი ქართული ტრადიციის დანერგვა მოინდომა - ქართველი ხალხისათვის მთავარი დღესასწაულების - დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღის და დამოუკიდებლობის დღის აშშ-ის არმიასთან და ნატოსთან ერთად აღნიშვნა?!

 არა, არც ერთი და არც მეორე. ნატოს და აშშ-ის ჯარები სწორედ ამ მთავარი დღესასწაულების დროს საქართველოში იმიტომ შემოდიან, რომ უჩვენონ რუსეთს - აი, თქვენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინეთ, ჩვენ კი - მთელი დანარჩენი საქართველოსი, ასე რომ, ბარი ბარში ვართ!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
საქართველო, თბილისი
2016 წლის 9 მაისი, დიადი გამარჯვების 71-ე წლისთავი