საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი: „სირცხვილია! რაზე მთხოვთ პასუხს?!“ (ვიდეო)

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა “არჩევანში” მაყურებლებს სხვადასხვა მიმართულებით არსებული მაჩვენებლების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ კი აღნიშნა, რომ მოსახლეობას არა ციფრები, არამედ შედეგი აინტერესებს და ხელისუფლება 4 წლის წინ მოქალაქეებს ”ფურცლების აფრიალებას არ დაჰპირებია”.

 ”თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, თქვენ ხართ მხარე. მე არ ვაფრიალებ ფურცლებს, მე ინფორმაციას ვაწვდი მოსახლეობას და ამიტომ მოგიწოდებთ კორექტულობისკენ. 4 წლის წინ თქვენ ასეთ გადაცემებს აკეთებდით, როდესაც 300 ათასი უმუშევარი იყო? დღეს ხომ იმაზე ნაკლები უმუშევარია, ვიდრე 4 წლის წინ იყო?”, – მიმართა დიმიტრი ქუმსიშვილმა ”არჩევანისა” და ”ბიზნესკურიერის” წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და აკაკი გოგიჩაიშვილს (ვიდეო იხ. აქ).

 აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ დასმულ შეკითხვას ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გაცემულ პრემიებსა და ადმინისტრაციული შენობების რემონტზე დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით ქუმსიშვილმა ”სირცხვილი” უწოდა.

 „26 მილიონი დაჯდა წინა ხელისუფლების დროს ათონელის რეზიდენცია. რომელი შენობა ავაშენეთ ჩვენმა ხელისუფლებამ 26 მილიონად? შედარეთ რა პრემიებიც და დანამატებიც, ჩემს წინამორბედს  15000 -დან 17 000-მდე ჰქონდა ხელფასი... თქვენ ხართ მხარე, ამიტომ მე შევეცდები, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად მივაწოდო ინფორმაცია და გამოვიყენო თქვენი ეთერი, ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებ!”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.