სამართალი
მამუკა არეშიძე: „არ მინდა დავიჯერო, რასაც ნათელაშვილზე ლაპარაკობენ“

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძ ამბობს, რომ არ სურს დაიჯეროს ის, რასაც ლაპარაკობენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილზე - რომ თითქოს მან დიდძალი ფული აიღო ნაციონალური მოძრაობისგან“, კონკრეტულად, სააკაშვილისგან.

 „ის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგია და მისი მხრიდან ოპონენტის კრიტიკა ბუნებრივია, მაგრამ „ნაცმოძრაობასთან” ერთად უნისონში რატომ უნდა იყოს, ეს ვერ ამიხსნია. თუმცა შალვა ნათელაშვილის სტივ რასელთან მუშაობა არ იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ამ კონგრესმენს ეს პოზიცია დაეფიქსირებინა... შეირჩა რასელის ფიგურა ამ ტექსტის გასახმოვანებლად, ეს არ გახლავთ უბრალო კონგრესმენი, ეს ადამიანი უშუალოდ მონაწილეობდა სადამ ჰუსეინის ხელისუფლების დამხობაში, მას აქვს უდიდესი გამოცდილება ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა ტიპის აქტივობისა, ეს არ გახლავთ ევროპარლამენტის ქარაქუცა რიგითი წარმომადგენელი, არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფიგურა... რასელის ვრცელ განცხადებაში იყო საინტერესო პასაჟი ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით. სრულ ტექსტში აღწერილია მთელი ის პერიოდი, როდესაც რუსეთის მეშვეობით მოხდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა. ნუ დაგვავიწყდება, რომ უფროსმა ბუშმა ზვიად გამსახურდიაზე თქვა, რომ ის დინების საწინააღმდეგოდ მიდის. ჩემთვის ეს დეტალები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ტექსტი შედგენილი იყო ქართველის მიერ, რომელმაც საკმაოდ კარგად იცოდა საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიას მიმართ და ამაზე ააგო რასელის ტექსტი“, - განუცხადა არეშიძემ გაზეთ „ალიას“.