სამართალი
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს დირექტორს შეხვდა

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი.  ანა დოლიძე ნატოს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს პარტნიორობის, თანამშრომლობის და ინტეგრაციის დირექტორს, დოქტორ ალბერტო ბინს შეხვდა.

 შეხვედრას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო ბაქრაძე და პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი თეა ნიკოლაშვილი დაესწრნენ.

 შეხვედრის ძირითად განსახილველ საკითხებს კეთილსინდისიერების ამაღლების კუთხით თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამისა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ჩამოყალიბება და განვითარება წარმოადგენდა.

 დოქტორმა ბინმა დადებითად შეაფასა თავდაცვის სამინისტროს მიერ კეთილსინდისიერების ამაღლების კუთხით გაწეული სამუშაო და რეფორმის მიმდინარეობის პროცესში აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.