სამართალი
სუს-მა რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთში რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები ურანის გაყიდვას 3 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ.

 რადიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერება ურანი, საერთო წონით 1,665 გრ, შეიცავს 2 რადიოაქტიურ იზოტოპს: ურან 238-სა და მცირე ოდენობით (0,23%) ურან 235-ს, რომლებიც მიეკუთვნებიან ბირთვულ მასალათა კატეგორიას. რადიოაქტიური (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, აღნიშნულ საგნებთან ხანგრძლივი უშუალო კონტაქტი საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, საქმეზე დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.