უცხოეთი
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა მშვიდობის ინსტიტუტში

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მშვიდობისინსტიტუტში საჯარო გამოსვლა გამართა.

 გიორგი კვირიკაშვილმა  აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურსივრცეში სწრაფვასა და საქართველოს დღის წესრიგზე ისაუბრა.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის შიგნით და რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად,საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და ევტოატლანტიკურ ინტეგრაციას, რაშიც დიდია ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების წვლილი.

 “მიუხედავად გარე გამოწვევებისა, საქართველო მტკიცედ ისწრაფვის შინ და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ. სწორედ ეს არის ჩვენი საერთო მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და, რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტთან. წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველომ გამოიარა რამდენიმე შეიარაღებული კონფლიქტი. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება”, - განაცხადა პრემიერმა.

 გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო არის აშშ-ის ერთგული მეგობარი სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც დაამტკიცა სანდოობა დასავლური კურსის მიმართ. მისი განმარტებით, საქართველოში ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ევროპეიზაცია და ინსტიტუციონალური სტანდარტების დაახლოება ევროპულ ნორმებთან.

 გიორგი კვირკაშვილმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ინვესტორების მოზიდვაა.

 “საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებებს საქართველოს ინსტიტუციონალურ  მოწყობასა და საკანონმდებლო ბაზაში, რისი მიზანიცაა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების ამაღლება. ეს შეთანხმება ასევე უზრუნველყოფს კარგ საფუძველს ინვესტირებისთვის. ამ მხრივ, საქართველო მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგები, მაგალითად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი საგადასახადო ტვირთი”,-აღნიშნა პრემიერმა.

 მისივე თქმით, საქართველო ამერიკელ ინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს.

 “საქართველო არის ინვესტირების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანა. რეგიონში ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი და ღია ეკონომიკა. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან, ასევე ჩვენს მეზობლებთან. გარდა ამისა, ახლახან ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, გეგმის ეკონომიკური ბლოკი გულისხმობს ცვლილებებს საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას, გადასახადების ადმინისტრირების მეთოდების ძირეულ ცვლილებებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპანიების აქტივების დაყადაღების პრაქტიკის გაუქმებას, დამწყები ბიზნესების დაფინანსების მექანიზმების დანერგვას. მანვე განათლების სისტემის ძირეულ რეფორმაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტრატეგიასა და ღია, ეფექტიანი  მმართველობის უზრუნველყოფაზე ისაუბრა.

 ვრცელ გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილი  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომაროებას შეეხო და ხაზი გაუსვა,  საქართველოს მთავრობის ურყევ ნებას გააღვივოს აფხაზ და ოს მეგობრებთან  მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობები.

 პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე.

 „ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა წელს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნების ჩატარება. ამ მიზნის მისაღწევად, მე გამოვედი საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და დაინტერსებულ მხარეს შორის კომუნიკაციის რამდენიმე ტიპისა და ფორმატის გამოყენების ინიციატივით”,-აღნიშნა პრემიერმა.

 სიტყვით გამოსვლის დასასრულს  გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 პრემიერ-მინისტრის საჯარო მოხსენებას მშვიდობის ინსტიტუტის პროფესორები და ამერიკელი ექსპერტები დაესწრნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ  სენატორი კრის მერფი, საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი და ყოფილი ელჩი რიჩარდ ნორლანდი.