საზოგადოება
მოსახლეობა ზედმეტ პრობლემებს ერიდება და სიცივეს ითმენს

woodზამთარი ძალაში შევიდა. მართალია, ბარად ამ პერიოდისათვის უჩვეულო ამინდებია, მაგრამ მთაში უკვე ჩამოთოვა და საკმაოდაც აცივდა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალი Mმთიანი სოფლების - რიონის, ზარათის, სორმონის, მექვენის, დერჩის, ბენთქოულის მოსახლეობას ამ ზამთარს გათბობის სერიოზული პრობლემა აქვთ, რაც გამოწვეულია ტყეში შეშის მოჭრასთან დაკავშირებულ აკრძალვებთან.

რაც შეეხება სასჯელებს ტყის ან, უბრალოდ, ხეების მოჭრაზე _ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 65-ე მუხლით ტყით სარგებლობის წესების დარღვევა ისჯება 150 ლარამდე ჯარიმით, 66-ე მუხლით შესაბამისი ლიცენზიის ან ბილეთის გარეშე _ 100 ლარამდე ჯარიმით, ტყე-ბუჩქნარის დაზიანებაზე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ჯარიმა 400 ლარამდეა (64-ე მუხლით), დაცულ ტერიტორიებზე - 600 ლარამდე (64-ე მუხლით). სისხლის სამართლის კოდექსში 303 მუხლია ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა მნიშვნელოვანი ზიანის მოტანით, რაც 3 წლამდე ციხეს ითვალისწინებს.

მოკლედ, ხის მოჭრაზე უნდა გქონდეს ნებართვა, ლიცენზია ან ბილეთი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც შეიძლება დაგიჭირონ ან დაგაჯარიმონ, თუ ლიცენზიის პირობებს არღვევ (მეტს ჭრი, ვიდრე გიწერია და ა. შ.) ან თუ "ტყითსარგებლობის წესებს" არღვევ. ეს გრძელი დოკუმენტებია, სადაც ჩამოთვლილია ესა თუ ის ხე როგორ უნდა მოჭრა, როგორ გასხიპო, როგორ გაიტანო, იმ ტოტებს რა უნდა უყო და ა. შ.

ასე რომ, ნებისმიერი ხის მჭრელის დაჭერა შეიძლება, მიზეზის პოვნა კი არ გაჭირდება.

ამიტომაა, რომ მოსახლეობა ზედმეტ პრობლემებს ერიდება და სიცივეს ითმენს. გვატყობინებს რეგიონიდან საქინფორმის კორესპონდენტი, რომელიც იქაურ მცხოვრებთ გაესაუბრა.

''ტყეს შენახვა უეჭველად უნდა, მაგრამ ის, ვინც დრუჟბით ჭრის, და ის, ვინც - ბირდაბირით, ხომაა განსხვავდება?'' - რიტორიკულ შეკითხვას სვამს ზარათელი ა. ფურცხვანიძე.

''ვინც ტონობით ყიდის და ვინც გასათბობად ჭრის, ხომ არაა ერთი და იგივე?

ჩვენთან კი ჯერ კიდევ ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ერთია.

ჰოდა, მაგ კანონით იმას დაიჭერენ, ვისაც ბავშვი რომ სიცივით არ მოუკვდეს, იმიტომ რომ ჭრის. ვინც ტონობით ყიდის, ის ისევ მოჭრის. მერე გაგიკვირდეთ, რატომ არ მრავლდება ერი!'' - დასძინა ჯუმბერ იობიძემ.

რაკი ბუნებრივი რესურსების მოხმარებაზე მოსაკრებლის კანონი ტყის არამერქნული რესურსებიდან მარტო სოჭის გირჩებზე, ყოჩივარდისა და თეთრყვავილას ბოლქვებზე, ფიჩხის მოგროვებაზე ჯერჯერობით არ ვრცელდება, კანონმორჩილი ადამიანები ამას უნდა დასჯერდნენ.

''და მაინც მოჭრით ხეს?'' - მოკლედ, როცა სცივა ოჯახს, ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა.