პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე:”ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს ასეთი სუსტი პასუხი არ ეკადრება”

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი.

 პირველ ყოვლისა, ტყუილია ის, რომ საქართველოში იოსებ სტალინის მიმართ ადამიანები სიმპატიით არ არიან განწყობილები და ამის შესხებ, იმავე ევროპაში კარგად უწყიან. ასე რომ, – “ტყუილს მოკლე ფეხი აქვსო”, – ნათქვამია მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ “შიში ოხერია” და პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა იფიქრა, ევროსაბჭოს დეპუტატებმა “ემანდ სტალინისტობა არ დამაბრალონო”, ამიტომაც, იმის ნაცვლად, რომ მართალი და გონიერი პასუხი გაეცა, მან სტრასბურგში ევროსაბჭოს ტრიბუნიდან, “დანაშაულში შემჩნეულივით თავის მართლება დაიწყო”!..
არც მე ვარ სტალინისტი, მაგრამ არის თემა, რომლის გამოც შეუძლებელია, რომ სტალინი დადებით კონტექსტში არ განვიიხილოთ, ეს გახლავთ მისი უდიდესი ღვაწლი 2 – მსოფლიო ომში მოპოვებული გამარჯვებისათვის! აქედან გამომდინარე, პრემიერ კვირიკაშვილის პასუხი, მეორე მსოფლიო ომის თემაზე “უნდა აწყობილიყო” მოკლედ, შეკითხვაზე, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დაუსვეს სტალინის შესახებ, თუ რა კომენტარს გააკეთებდა საქართველოს პრემიერი–მინისტრი საქართველოში სტალინის ხუთ ძეგლზე, რომლებიც ქვეყნის რამოდენიმე რეგიონში დაიდგა, – პრემიერმა კვირიკაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:”არ მგონია, რომ სტალინი ოდესმე აქტუალური გახდეს ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც სტალინის ძეგლების აღმართვას ეწინააღმდეგება. ამიტომ, არ მგონია, რომ ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ. საქართველოში არავის აქვს სტალინის პერიოდის მიმართ სიმპათია“.
 მიმაჩნია, რომ ეს პასუხი უსუსტესია. დიახ, ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს ასეთი სუსტი პასუხი არ ეკადრება. საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, უნდა ეპასუხა შემდეგი სიტყვებით:” ღრმად პატივცემულო დეპუტატებო, ბატონებო და ქალატონებო, ეს არის სიმართლე, რომ საქართველოში ქართველი სტალინ–ჯუღაშვილის მიმართ არსებობს დიდი პატივისცემა, მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ქართველი ხალხის აზრით (ჩემი ხალხის აზრი კი, სრულად ემთხვევა მსოფლიო ცივილიზებული საზოგადოებების მოსაზრებას!), მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხების საქმეში სტალინმა განუზომელი წვლილი შეიტანა! მეორე მსოფლიო ომში, ჩემი სამშობლო საქართველოდან, სადაც იმ წლებში 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა, 700 000 მოქალაქე მონაწილეობდა, მათგან ნახევარი, ანუ 350 000 შინ ვეღარ დაბრუნდა, დაიღუპა ან უგზო–უკვლოდ დაიკარგა!.. დიახ, მცირერიცხოვანი ჩემი ერის უდიდესი ნაწილი ამაყობს იმით, რომ მათმა თანამემამულემ, ქართველმა იოსებ ჯუღაშვილ–სტალინმა, თავისუფალი სამყაროს ორ აღიარებულ ლიდერთან, აშშ–ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ უინსტონ ჩერჩილთან ერთად, გაერთიანებული ძალისხმევით გაანადგურეს, კაცობრიობის საშინელი მტერი, “ყავისფერი ჭირი”, – ფაშიზმი!! საქართველოში დღემდე პოპულარობით სარგებლობს ამ ისტორიული დიდი სამეულის ერთად გადაღებული ფოტოსურათები, თეირანის და იალტის კონფერენციებზე! რაც შეეხება, “ძეგლებს”… სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში, სადაც იგი დაიბადა, იდგა ძეგლი, რომლის დემონტაჟი, მოქალაქეებისგან მალულად, ღამით მოახდინა წინა ხელისუფლებამ. აი, დღეს კი, სწორედ ამ ქალაქის მცხოვრებნი ითხოვენ, რომ სტალინის ძეგლი ხელახლა დაიდგას, არა ძველ ადგილას ცენტრალურ მოედანზე, არამედ მისი სახლ–მუზეუმის ეზოში, რაც ქალაქ გორის ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება, იმდენად დიდია უცხოელი ტურისტების რაოდენობა, მათ შორის ევროპიდან, სტალინის სახლ–მუზეუმის მოსანახულებლად!
 დიახ, ძირითადად ამით აიხსნება ქართველი ხალხის სიმპატიები ამ ისტორიული ფიგურის მიმართ, თორემ სტალინის მმართველობის დროინდელმა საბჭოთა(!) რეპრესიებმა ქართველი ხალხიც არ დაინდო და იმ პოლიტიკური ფორმაციის ნოსტალგია საქართველოში არავის აქვს! ამიტომ, ტყუილია ის, რომ თითქოსდა შესაძლებელია საქართველოში “სტალინური პოლიტიკა აქტუალური გახდეს”, ამ სისულელეებს ავრცელებენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ჩირქს სცხებენ საკუთარ სამშობლოს, მის ისტორიას, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ წინაპართა საფლავებს და ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომლის პრემიერიც მე გახლავართ. მათი მიზანი კი ერთია, რომ თავი მოგაჩვენონ თქვენ, როგორც “ლიბერალური ღირებულებებისათვის უერთგულესმა მებრძოლებმა”, რათა უზრუნველყონ თქვენი ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ გზით “დაბრუნდნენ ხელისუფლებაში”! მათ მიერ შეთითხნილი სხვა ბრალდებებიც, ისეთივე “სიმართლეს” შეიცავენ, როგორიც ზევით მოხსენიებული ბრალდება, – ქართული საზოგადოების “სტალინისტური მიდრეკილებების” თაობაზე, რაც სიცრუე, ცილისწამება და მარაზმია!!.. დიდი მადლობა, რომ ყურადღებით მისმენდით”!!..

timer.ge